დაკავებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
დაკავებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ექიმების აქცია მიმდინარეობს. მედიკოსები დაკავებული კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები ასევე მოითხოვენ, ექსპერტების ჩართულობით ხელახლა იქნას შესწავლილი საქმე და ახლიდან შედგეს რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები გაფიცვას არ გამორიცხავენ.

„მოთხოვნები არის იგივე- წინასწარი პატიმრობის გაუქმება და რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის ხელახალი შესწავლა დარგობრივი ექსპერტების ჩართულობით. ბოლო შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც განიხილავს ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს გაფიცვის მომზადების მიზნით. ეს არ არის იოლი პროცესი, მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა, შესაბამისად, ყველა ასოციაცია უდგება ამას პასუხისმგებლობით, რომ კანონმდებლობის ფარგლებში იყოს და ასევე არ დაზარალდნენ გადაუდებელი დახმარების მიმღები პაციენტები“, – განაცხადა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ მორჩილაძემ.

აქციაზე იმყოფება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. მისი განცხადებით, ექიმების ღირსების შელახვა უნდა შეწყდეს.

„ჩვენი, ექიმების მოთხოვნა არის, გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებული ექიმი, შეიცვალოს სამინისტროს მარეგულირებელი კომისიის დასკვნა, რის საფუძველზეც პროკურატურამ ექიმები დააკავა და შეწყდეს ექიმების ღირსების შელახვა. როგორც რიგით ექიმს, მიმაჩნია, პროკურატურის ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს. რამდენჯერმე გაიჟღერა კიდეც, რომ შეიძლება ექიმებს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი გაუჩნდათ ბოლო პერიოდში და საჭიროა მათი „ადგილზე დასმა“.

ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ექიმების მხარდამჭერი და არა მხოლოდ ექიმების დამსჯელი, ჩემი აზრი ეს არის. მინისტრი თავად გამოვიდა ერთი კვირის წინ და თქვა, რომ ბატონი ვატო ყიფიანი მოხვედრილია გაუგებრობაში. გაუგებრობაში თუ არის ადამიანი, ის ციხეში არ უნდა იჯდეს“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი 4 აგვისტოს დააკავეს. 5 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა.

ასევე, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა მაგდა ხოჭოლავას, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წელს, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 25 წლის ქალს ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა გართულდა და ის დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.