დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან აქცია გამართეს
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან აქცია გამართეს

დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებმა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გაიმართეს. აქციის მონაწილეები დაკავებული ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

ბესიკ დგებუაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეუფარდა. საქმეზე, რომელშიც დგებუაძე ფიგურირებს, გამოძიება მიმდინარეობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით.

დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დღემდე სხეულში ორი ტყვია რჩება.

როგორც ვლადიმერ დგებუაძე ამბობს, პოლიცია ითხოვს ბესიკ დგებუაძისგან დაასახელოს, თუ ვინ ესროლა, თუმცა მის შვილს ეს ინფორმაცია არ აქვს. ვლადიმერ დგებუაძე დღეს უკვე შეხვდა შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავას. თუმცა მისი თქმით, ეს შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა.

ამჟამად დაკავებულის მამა შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ითხოვს შეხვედრას.

ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დაკავებულის ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ 19 მაისს დაგეგმილი მერის არჩევნებს სოფელში არ ჩაატარებინებენ.

დატოვე კომენტარი