დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა
დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ორი პირის ადვოკატის ინფორმაციით, გალის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ორი დაკავებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განუცხადა, ეს ინფორმაცია მისმა დაცვის ქვეშ მყოფებმა მიაწოდეს, რომლებსაც მცირე ხნით შეხვდა.

ჩომახაშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ორ პირს იცავს.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ყველა დაკავებული პირი ვერაზე ცხოვრობს, ისევე როგორც ცოტნე გამსახურდია და ისინი ინციდენტამდე ერთად იმყოფებოდნენ.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.  გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.