დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ არ განიარაღდება, ვიდრე არ შეიქმნება პალესტინის სახელმწიფო
დაჯგუფება „ჰამასმა“ უარყო საერთაშორისო მოწოდებები განიარაღების თაობაზე, რაც მიზნად ისახავდა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას ღაზის სექტორში.
„„ჰამასი“ არ დაყრის იარაღს, ვიდრე არ შეიქმნება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო. სამხედრო მოქმედებები მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა სრულად აღდგება ჩვენი ეროვნული უფლებები, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებელი და სრულად სუვერენული პალესტინური სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება“, – აღნიშნულია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ დაყრის იარაღს, გაათავისუფლებს მძევლებს და უარს იტყვის ძალაუფლებაზე. მისი თქმით, „ჰამასს“ არ სურს დათმობა და ამ ომის დასრულება.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის ფონზე მსოფლიოს ქვეყნებში იზრდება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ტენდენცია. სექტემბერში ასეთ ნაბიჯს, სავარაუდოდ, საფრანგეთიც გადადგამს. პარიზმა, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობას მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.