Daily Star - „მანჩესტერი“ მაგუაირში 89 მილიონს იხდის
Daily Star - „მანჩესტერი“ მაგუაირში 89 მილიონს იხდის

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 89 მილიონ ევროს გადაიხდის ინგლისის ნაკრების მცველ ჰარი მაგუაირში – სწორედ ეს თანხა მოითხოვა ფეხბურთელის ამჟამინდელმა კლუბმა „ლესტერმა“.

მაგუაირის მიმართ ინტერესი გამოთქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელსაც ძალიან უნდა, რომ ინგლისელი გახდეს კლუბის მეოთხე საზაფხულო შენაძენი ფრედის, დიოგო დალოტასა და ლი გრანტის შემდეგ. ინგლისში სატრანსფერო ბაზარი 9 აგვისტოს იხურება და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა უკვე გააკეთა განაცხადი მაგუაირის შეძენაზე.

Daily Star-ის ინფორმაციით, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მაგუაირი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მცველი გახდება. დღეს ეს რეკორდი ვირჯილ ვან დიიკს ეკუთვნის, რომელიც „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“ 78 მილიონად გადავიდა.

ერთი წლის წინ, „ლესტერმა“ მაგუაირისთვის „ჰალს“ 13.7 მილიონი ევრო გადაუხადა.