Daily Mail - ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელები აკრძალულ თამბაქოს იყენებენ
ინგლისის საფეხბურთო ლიგებში ფართოდ გამოიყენება ე. წ. “სნუსი” (Snus) – თამბაქო კვამლის გარეშე. ინგლისური გაზეთის Daily Mail-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, აკრძალულ თამბაქოს ყველაზე აქტიურად ახალგაზრდა ფეხბურთელები მოიხმარენ.
“სნუსი” მცირე ზომის ტომარაში მოთავსებულ თამბაქოა, რომელსაც ზედა ტუჩსა და კბილებს შორის იდებენ. ასეთ ტომარაში ნიკოტინის კონცენტრაცია სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტში. ამგვარი თამბაქო, თითქოს, ძალას მატებს ფეხბურთელს, ეხმარება უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს და ამცირებს ჭამის მადას. 1992 წლიდან მოყოლებული, “სნუსი” აკრძალულია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში (შვედეთისა და ნორვეგიის გარდა), რადგან კიბოს იწვევს. დღეისთვის, ნივთიერება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მონიტირინგის სიაშია შეტანილი.
“სნუსის” გამოყენება თავის ავტობიოგრაფიაში “ლესტერისა” და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ აღიარა. ამ თვეში, “ლესტერის” სტადიონის სათადარიგოთა სკამზე “სნუსის” პაკეტი აღმოაჩინეს. მაგრამ, მხოლოდ “ლესტერი” არ სცოდავს. სხვადასხვა კლუბის თანამშრომელთა შეტყობინებებით, ეს თამბაქო იმდენად პოპულარულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მას პირდაპირ მატჩების დროს იღებენ.
“ის აბსოლუტურად ყველგანაა, – მოჰყავს ინკოგნიტო მწვრთნელის სიტყვები Daily Mail-ს. – მოთამაშეები მას თამაშამდე და თამაშის დროსაც იღებენ. შემდეგ ჯერზე, როცა თამაშს ნახავთ, მიაქციეთ ყურადღება, რამდენ ფეხბურთელს აქვს რაღაც ზედა ტუჩზე. ეს საკონტროლო ნიშანია”.
მიუხედავად იმისა, რომ “სნუსი” ბრიტანეთის ტერიტორიაზე აკრძალულია, სოციალურ ქსელებში არსებობს არა ერთი ინტერნეტ-გვერდი, სადაც ამ ნივთიერებას ყიდიან. ერთ-ერთ ასეთი გვერდის ხელმომწერია, მაგალითად, ლონდონის “არსენალის” ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი.