„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდებიან.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს.

თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება, განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული –  საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხების ინვესტირება, რის შედეგადაც, მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება.

შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს.

საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი – მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.

საპენსიო აქტივების ინვესტირება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მოხდება.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება. კანონი 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება

საპენსიო რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. კანონპროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ დონორებიც.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით,  საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრა 7 ნოემბერს, 12.00 საათზე გაიმართება.