დაღესტნის მედია - მახაჩყალის ყოფილი მერის შვილი საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
დაღესტნის მედია - მახაჩყალის ყოფილი მერის შვილი საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

დაღესტნის გამოცემა „ჩერნოვიკი“ იუწყება, რომ მახაჩყალის ყოფილი მერის შვილი საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც გაზეთი წერს, ამოღებული ნარკოტიკები სავარაუდოდ ბადრუდინ მუსაევს არ ეკუთვნოდა და ის მხოლოდ მათ ტრანსპორტირებას ცდილობდა.

მახაჩყალის ყოფილი მერის, მუსა მუსაევის შვილზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული. მას ბრალად ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და პოლიციის შეურაცხყოფა ედება. ბადრუდინ მუსევი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს ემალება.

„ჩერნოვიკის“ ცნობით, რუსეთს მუსაევის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამართალდამცველებმა აღნიშნული პიროვნება ბათუმში, გასული წლის დეკემბერში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ძარცვის ბრალდებით მიმდინარეობს.

მახაჩყალის ყოფილი მერის შვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.