დაფუძნდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითხოვს
მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ ახალი საინიციატივო ჯგუფი დააფუძნეს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.
„თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება, არ შეიძლება, იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისათვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნების, სპორტის სფეროების წარმომადგენლებისა და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას“, – განაცხადა მსახიობმა გიორგი შანიძემ.
ამასთან, გიორგი სიხარულიძის თქმით, მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი კანონის მიღებაში დაეხმარონ.
„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, იურისტებს, სამართალმცოდნეებს, ისტორიკოსებს და როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებს, დაგვეხმარონ, ერთად გონივრულად მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს საფრთხეებს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი უყურებს, რომ რეალურია“, – განაცხადა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ.