დაფიქსირებულია დედამიწის ზომის პლანეტიდან წამოსული განმეორებადი სიგნალები — #1tvმეცნიერება
დაფიქსირებულია დედამიწის ზომის პლანეტიდან წამოსული განმეორებადი სიგნალები — #1tvმეცნიერება

განმეორებითი რადიოსიგნალების კვალზე მიყოლამ ასტრონომები დედამიწის ზომის კლდოვან პლანეტამდე მიიყვანა, რომელსაც, როგორც ჩანს, პლანეტის სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ერთი საკვანძო ფაქტორი აქვს: მაგნიტური ველი.

პლანეტის სახელია YZ ვეშაპის b და გარს უვლის ჩვენგან 12 სინათლის წლის მანძილზე, ვეშაპის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე პატარა წითელ ჯუჯა ვარსკვლავს.

„სხვა მზის სისტემებში სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ პლანეტათა ძებნა ნაწილობრივ დამოკიდებულია იმის განსაზღვრაზე, აქვთ თუ არა კლდოვან, დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებს მაგნიტური ველი. ეს კვლევა აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ ამ კონკრეტულ კლდოვან ეგზოპლანეტას მაგნიტური ველი აქვს, არამედ უფრო მეტი ასეთი პლანეტის პოვნის იმედისმომცემ მეთოდსაც გვთავაზობს“, — ამბობს აშშ-ის ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიის პროგრამების დირექტორი ჯო პეში.

მაგნიტური ველი პლანეტის ატმოსფეროს მძლავრი ვარსკვლავური ქარების მიერ განადგურებისგან იცავს.

მაგალითად, მარსს ატმოსფერო ჰქონდა, იყო წყლიანი და თბილი პლანეტა, მაგრამ როდესაც მაგნიტური ველი დაკარგა, თავდაცვის გარეშე დარჩენილი მისი ატმოსფერო მზისგან მომავალმა პლაზმამ თანდათან გაფანტა.

ჩვენთან, მზის სისტემაში, მაგნიტური ველი ჯერ კიდევ აქვთ იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს. წარსულში ასტრონომებმა ასევე იპოვეს იმის მტკიცებულებები, რომ მაგნიტური ველი აქვთ დიდ ეგზოპლანეტებსაც.

თუმცა, ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მაგნიტური ველის იდენტიფიცირება მზის სისტემის მიღმა არსებულ პატარა, კლდოვან პლანეტებზე. უფრო მეტიც, ამის ძებნის საიმედო გზაც კი არ გვქონია.

როგორც ჩანს, განმეორებადი რადიოსიგნალი შეიძლება სწორედ ის გასაღები იყოს, რომელიც ასე გვჭირდება. მკვლევართა ჯგუფის აზრით, ამ სიგნალის მიზეზია პლანეტის მაგნიტური ველის ურთიერთქმედება მის დედავარსკვლავთან, YZ ვეშაპთან.

ვიდრე ზედმეტად აღელდებით, აქვე გეტყვით, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პლანეტა YZ ვეშაპის b სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის ხელსაყრელი იყოს, თუნდაც მაგნიტური ველი ჰქონდეს. ეს კლდოვანი ეგზოპლანეტა თავის ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს — ერთ გარშემოვლას სულ რაღაც ორ დღეს ანდომებს (შედარებისათვის — მზესთან უახლოეს პლანეტა მერკურის ამისათვის 88 დღე სჭირდება).

თუკი შემდეგი დაკვირვებებით ამ პლანეტის მაგნიტური ველი დადასტურდა, ნიშნავს იმას, რომ როგორც იქნა, გვაქვს სიცოცხლისათვის უფრო მეგობრული პლანეტების დაფიქსირების გზა, რაც წარმოუდგენლად ამაღელვებელია სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტათა ძებნის პროცესში.

სიგნალი ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე ტელესკოპმა Very Large Array-მ დააფიქსირა და მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როდესაც პენსილვანიის ბაკნელის უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეკი ვილადსენი მონაცემებს სწავლობდა.

„დავინახე ის, რაც იქამდე არავის ენახა. ჩვენ წინაშე იყო უმშვენიერესი ანთება. როდესაც ის მეორედაც შევნიშნეთ, ეს უკვე რაღაცის მანიშნებელი იყო, იქ აშკარად რაღაც ხდებოდა“, — ამბობს ვილადსენი.

საინტერესოა, რა იწვევს ამ სიგნალს? ამჟამინდელი ჰიპოთეზის მიხედვით, მძლავრი რადიოტალღები გამოიყოფა პლანეტის მაგნიტურ ველში მისი დედავარსკვლავის მიერ გამოფრქვეული პლაზმის გავლისას.

ამ მიზეზით, YZ ვეშაპის b, რომელსაც ძლიერ მოკლე ორბიტა აქვს, მაგნიტური ველის დაფიქსირების მთავარი კანდიდატია, რადგან თავის ვარსკვლავთან უფრო ხშირად ურთიერთქმედებს და საკმარისად მძლავრ რადიოსიგნალებს წარმოქმნის, რათა დედამიწიდან მათი დაფიქსირება შესაძლებელი იყოს.

„ვეძებთ საკუთარ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს მდებარე, დედამიწის ზომის პლანეტებს. ეს პლანეტები თავის ვარსკვლავებთან ზედმეტად ახლოს არის და მათზე ვერ იცხოვრებდით, მაგრამ ასეთი სიახლოვის გამო, მათი შესწავლა უფრო ადვილია. თუ პლანეტას მაგნიტური ველი აქვს და ის ვარსკვლავისგან წამოსულ მატერიაში გაივლის, გამოიწვევს ვარსკვლავის მიერ კაშკაშა რადიოტალღების გამოყოფას“, — ამბობს ვილადსენი.

არსებითად, სწორედ ეს იხილა მკვლევართა ჯგუფმა: დაკვირვების ხუთ პერიოდში, ვილადსენმა და მისმა კოლეგამ, კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტიდან, სებასტიან პინედამ ვარსკვლავ YZ ვეშაპიდან გამოსხივებული მძლავრი რადიოსიგნალები დააფიქსირეს, რომლებიც თითქმის სინქრონში იყო პლანეტა YZ ვეშაპის b-ს ორბიტულ პერიოდთან; ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ ამ სიგნალებს სწორედ ვარსკვლავსა და პლანეტას შორის მიმდინარე ურთიერთქმედება წარმოქმნის.

რადიოტალღების სიმძლავრეზე დაყრდნობით, ჯგუფმა აჩვენა, რომ მათი ახსნა შესაძლებელი იყო მაგნიტური ველის მქონე პლანეტით. თუკი დადასტურდა, ის ჩვენთვის ცნობილი პირველი კლდოვანი, დედამიწის ზომის პლანეტა იქნება მაგნიტური ველით.

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები დამაჯერებელია, მაინც არ არის საკმარისი, რათა გამოირიცხოს, რომ ვარსკვლავურ რადიოტალღებს რაღაც სხვა იწვევდეს.

ფაქტია ისიც, რომ რადიოტალღები თითქმის (და არა სრულყოფილად) ემთხვევა პლანეტის ორბიტულ პერიოდს.

ჯგუფის განმარტებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს დახრილობა პლანეტის მაგნიტურ ველში, იუპიტერის მაგნიტურ ველში არსებული დახრილობის მსგავსად. ყველაფერს პასუხს დამატებითი დაკვირვებები გასცემს.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nsf.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.