დაძაბულობა ლიდერთა დაპირისპირებაში - „დინამომ“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
საცურაო კომპლექს „ოლიმპიკში“ წყალბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3 წრე დასრულდა.
ბოლო ტურში „სპორტმენეჯმენტი“ „არენას“ შეხვდა და ანგარიშით 5:12 დამარცხდა. ბოლო შეხვედრაში კი ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისის „დინამო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ – მატჩი დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული ბოლო წამამდე უცნობი იყო.
მესამე ტაიმის შემდეგ „დინამო“ 8:5-ს იგებდა. „ლოკომოტივმა“ ბოლო წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 9:8. ამ დროს მოწინააღმდეგეთა შორის ვითარება დაიძაბა, მაგრამ ინციდენტი მალე ამოიწურა და შეხვედრა დისციპლინური პენალტებით დასრულდა.
საბოლოოდ, „დინამომ“ ანგარიშით 10:8 მოიგო და საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს. გათამაშებას „თბილისი“ ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს კი „ლოკომოტივი“ და „დინამო“ ინაწილებენ.
„ჩვენ ეს შეხვედრა რომ არ მოგვეგო, საჩემპიონო ბრძოლას ჩამოვშორდებოდით. ასე რომ, ამ მოგებას დიდი ფასი ჰქონდა და დაძაბული ამიტომ გამოდგა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გელა ტუკვაძე.
საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზვიად დავითიანმაც.
„დაძაბულობა სპორტში ჩვეულებრივი ამბავია. ბევრი ახალგაზრდაა და ემოციებმა იძალა. მთავარია, საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „დინამო“ შემადგენლობით ფავორიტია და დამსახურებულად გაიმარჯვა“, – განაცხადა ზვიად დავითიანმა.