დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი ფიქრობს, რომ ბრალდებულების ჩვენებები გულწრფელი არ იყო
დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი ფიქრობს, რომ ბრალდებულების ჩვენებები გულწრფელი არ იყო

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ორივე ბრალდებულის ჩვენებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და თანხვედრაში არ იყო, რაც სასამართლომაც აღნიშნა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამის შესახებ კითხვა ადვოკატს, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ დაუსვა.  „ბრალდებულებმა ექვსი თვის მერე გადაწყვიტეს მიეცათ ჩვენებები, თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი ჩვენებები იყო და თუ იყო, რატომ, ან თუ არ იყო, რატომ“, – ჰკითხა ადვოკატს დეპუტატმა.

ხათუნა მაღლაკელიძის თქმით, ვინაიდან მათი ჩვენებები თანხვედრაში არ იყო, არ იქნება სწორი მიდგომა, რომ გარკვეულ ნაწილში იყოს ნდობა და გარკვეულ ნაწილში  – არა.

„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ორივე ბრალდებულის ჩვენებები იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, თანხვედრაში არ იყო, რაც სასამართლომ აღნიშნა. აქედან გამომდინარე, რაღაც ნაწილში ვენდოთ და რაღაც ნაწილში არა, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი მიდგომა. ვფიქრობთ, არ იყო მათი ჩვენება გულწრფელი და რატომ – ისინი ექვსი თვის მანძილზე ინარჩუნებდნენ დუმილს. თუმცა ერთ-ერთი ბრალდებულის, გ.ბ.- ს ჩვენება ფარული წესით იყო ჩაწერილი გამოძიების მიერ. ფარულ ჩანაწერში ის ისეთი ემოციით აღწერს ანუ გ.ბ. ამბობს ფარულ ჩანაწერში, როგორ გაასხა დათო სარალიძის ფეხიდან სისხლმა. ეს შეუძლებელია ვინმეს მოყოლით გადმოცემული ემოცია იყოს, რადგან ბავშვის ემოცია სხვა არის მაინც და ამ საუბარში ისე ყვება, რომ მას ეს პირადად აქვს დანახული, ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეფასებით“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.

თუმცა, მისი თქმით, ფარულ ჩანაწერში მიცემული ჩვენება, მან სასამართლოში აღარ დაადასტურა.

„ესეც იწვევს იმის ეჭვს, რომ ის არ იყო გულწრფელი და მისი ჩვენება არ ემთხვეოდა გ.ჯ.-ს ჩვენებას. ასევე, ხაზგასმა მინდოდა, რომ ექვსი თვე ინარჩუნებდა დუმილს ორივე ბრალდებული და ელოდებოდნენ ბოლომდე, ვინ რა ჩვენებას მისცემდა. სწორედ იმ პირთა მიმართ მისცეს მათ ჩვენება, რომლებმაც ისინი ამხილეს და რომელთაც შეხება ჰქონდათ ფარდულის ეპიზოდთან. აქედან გამომდინარე, მიჩნდება უნდობლობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დილიდან მიმდინარეობს. კომისიაზე უკვე გამოკითხეს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რის შემდეგაც ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე და დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე გამოიკითხნენ.