დადუნაშვილების ადვოკატი მიიჩნევს, რომ 51-ე სკოლის დირექტორს არ აქვს მორალური უფლება, რომ სკოლის დირექტორობა განაგრძოს
დადუნაშვილების ადვოკატი მიიჩნევს, რომ 51-ე სკოლის დირექტორს არ აქვს მორალური უფლება, რომ სკოლის დირექტორობა განაგრძოს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე მიიჩნევს, რომ 51-ე სკოლის დირექტორს, მანანა თურქაძეს არ აქვს მორალური უფლება, რომ ამ სკოლის დირექტორობა განაგრძოს.

მისივე თქმით, გამოძიების ეტაპზე ცნობილი იყო, რომ სკოლაში ადგილი ჰქონდა ორი მეცხრე კლასელის ჩაგვრის ფაქტს.

“ჩაგვრის ფაქტი სასამართლო განაჩენშიც აისახა და სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ სკოლაში ორი ბავშვი დაჩაგრეს, რასაც შემდეგ მოჰყვა ეს საზარელი მკვლელობა. იმ ფონზე, როდესაც მთავარმა პროკურორმა დატოვა თანამდებობა, დირექტორს უნდა გამოეჩინა მორალური პასუხისმგებლობა და დაეტოვებინა თანამდებობა, რადგან მის სკოლაში მომხდარ ფაქტს, ასეთი საზარელი შედეგი მოჰყვა”, – განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დილიდან მიმდინარეობს. კომისიაზე უკვე გამოკითხეს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რის შემდეგაც ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე და დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე გამოიკითხნენ.