დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი ნაწილობრივ გაიხსნა
დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი ნაწილობრივ გაიხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმის განხილვა ნაწილობრივ გაასაჯაროვა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

პროცესების გახსნას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე. პროკურორების განცხადებით, პროცესების დახურვის მოტიცავია საქმეში მონაწილე არასრულწლოვნების პერსონალური ინფორმაციის დაცვა იყო.

„დაცვის მეოთხე მცდელობა სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით წარმატებით დამთავრდა. პროკურატურას დღეს გამოეცალა აბსოლუტურად ყველა არგუმენტი, რომლითაც ის უკანონოდ ხურავდა სხდომას და არ ასაჯაროებდა. ეს არ ემსახურებოდა კალანდიას ინტერესებს და პირდაპირ ბრალდების ინტერესებზე იყო აგებული, რამეთუ არ უნდოდა ბრალდებას საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთელი ამ სხდომის განმავლობაში“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

„ჩვენ გვსურდა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნების სახელები გვარები და სხვა პერსონალური მონაცემები არ გამხდარიყო საჯარო, რაც კიდევ უფრო მეტ სტრესს მოუტანდა ამ არასრულწლოვნებს, რაც აქვთ პროცესში მონაწილების შედეგად. დაცვის მხარის შუამდგომლობის შინაარსი იყო შემდეგი, თითქოს მხოლოდ ორი არასრულწლოვანი დარჩა დასაკითხი. აქედან ერთის თანხმობა თავად მოიტანა დაცვის მხარემ, რომ ის თანახმაა მისი დაკითხვა გასაჯაროვდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ დოზით დაცული ინტერესი აღარ არსებობს და როგორც სასამართლომ განმარტა ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის გახსნის თაობაზე. შესაბამისად, პროცესი დღეიდან წარიმართება ღია რეჟიმში“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ორი ექსპერტი და ორი გამომძიებელი დაიკითხა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.