დაცვის მხარე უზენაესი სასამართლოს განაჩენის ჩაბარებამდე მიხეილ კალანდიას დაკითხვაზე უარს აცხადებს
დაცვის მხარე უზენაესი სასამართლოს განაჩენის ჩაბარებამდე მიხეილ კალანდიას დაკითხვაზე უარს აცხადებს

საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მეირ წარმოდგენილი მოწმე, მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას დედა დაიკითხა.

დღეს ასევე უნდა დაკითხულიყო ბრალდებული მიხეილ კალანდია, თუმცა, იმის გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხელ კალანდიას ადვოკატის მოთხოვნა, გადასცემოდა მსჯავრდებული ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი სხდომის ოქმთან ერთად, დაცვის მხარემ დაკითხვაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით მიხეილ კალანდიას დაკითხვაზე უარს მასალების გადაცემამდე აცხადებს.

დავის მხარემ სხდომაზე ასევე დააყენა შუამდგომლობა, რომ მოწმის სახით დაიკითხოს ბრალდებული
გიორგი ჯანაშია, დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, საქმის მწარმოებელი პროკურორები ზვიად ფხაკაძე და იმედა გუგუშვილი და ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე, რომელიც კომისიაში იყო მიწვეული. ადვოკატის თქმით, ფსიქოლოგი უშუალოდ ესწრებოდა არასრულწლოვნების დაკითხვას.

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდეგი პროცესი კვლავ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა. სწორედ აღნიშნული განაჩენის გადაცემას ითხოვს ადვოკატი.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.