დაცვის მხარე მოითხოვს, სპეცოპერაციისას დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ, ალტერნატივად კი 5000-ლარიან გირაოს განიხილავენ
დაცვის მხარე მოითხოვს, სპეცოპერაციისას დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ, ალტერნატივად კი 5000-ლარიან გირაოს განიხილავენ

ადვოკატები მოითხოვენ, თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ, ალტერნატივად კი 5000-ლარიან გირაოს განიხილავენ, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი როსტომაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობას მოითხოვს.

გიორგი როსტომაშვილის თქმით, საქმეს მტკიცებულებები არ არის. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიების დოკუმენტებს თან ახლავს ბუნდოვანი ოპერატიული ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.