დაცვის მხარე გიორგი გიორგანაშვილის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
დაცვის მხარე გიორგი გიორგანაშვილის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი გიორგი მახარაძე საქმის მასალების გადაცემის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ვერ ადასტურებს, ამიტომ იმედი ჰქონდათ, რომ მოსამართლე გიორგანაშვილს გაამართლებდა.

„ჩვენ გვაინტერესებს სამოტივაციო ნაწილი, რას დაეყრდნო მოსამართლის გამამტყუნებელი განაჩენი, ამის შემდგომ უფრო კარგად დავგეგმავთ სტრატეგიას, რის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ წარმოდგენილ განაჩენს.

ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც გამოიჩენს კეთილგონიერებას და სამართლიანობის იმ განცდას, რომელიც საკმარისი იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაუქმებლად. არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს გიორგი გიორგანაშვილის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, ასევე უნდა გავითვალისწინოთ მოწმე მძღოლი, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს, ამოუღეს თუ არა პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გიორგანაშვილს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება” – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.