დაცვის მხარე დ.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
დაცვის მხარე დ.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებული დ.ღ.-ს ადვოკატი გოჩა კვარაცხელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე, დაუსაბუთებელს უწოდებს.

როგორც მან განაცხადა, სასამართლომ არასრულწლოვნის პირადი მახასიათებლები და ბრალის ნაწილის აღიარება არ გაითვალისწინა.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. სასამართლომ მიიღო სრულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა არასრულწლოვნის პიროვნული მახასიათებლები, არც დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და არც ბრალის გულწრფელი აღიარება სარალიძის ნაწილში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულის განვლილი ცხოვრება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დაუშვებელია არასრულწლოვანთან მიმართებით გამოყენებული იყოს პატიმრობა მაშინ, როცა შესაძლებელია უფრო მსუბუქი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება“, – განაცხადა გოჩა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„არანაირი ისეთი მოწმეები არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბრალდებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამე დანაშაულში ამხელდეს, ზოგადად, არის ნათქვამი ყველაფერი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა რომელი ცრუ ჩვენება, რომელი არსებითი გარემო შეცვალა  –  არ არსებობს ასეთი, არ შეუცვლია არანაირი არსებითი გარემოება. მას გაცხადებული ჰქონდა ეს პოზიციები“, – განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ დაკავებულს ცრუ ჩვენება არ მიუცია.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა.