დაცული ტერიტორიების სააგენტომ იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ იაპონიაში, საერთაშორისო გამოფენა Tourism Expo Japan 2025-ში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.

„საერთაშორისო გამოფენა Tourism Expo Japan-ი ტურიზმის სფეროში იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენაა და მსოფლიოს ათეულობით ქვეყანასა და ასობით ტურისტულ კომპანიას აერთიანებს. გამოფენის მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური ტურიზმის განვითარებას, ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და კულტურათაშორის ურთიერთობების გაღრმავებას. ყოველწლიურად გამოფენას 120 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.

იაპონიიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს უნიკალური ბუნება და კულტურა იაპონელ ტურისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაწილეობა იაპონიის ტურისტულ გამოფენაში ხელს შეუწყობს ეროვნული პარკების ცნობადობის მეტად გაზრდას და საქართველოს ბუნების პოტენციალით დაინტერესებული ვიზიტორების მოზიდვას“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.