დაცული ტერიტორიების სააგენტო - დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა
დაცული ტერიტორიების სააგენტო - დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 856 603 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2016 წლის ცხრა  თვის მონაცემებთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შეადგენს საერთო რაოდენობის 57% (486 358 ვიზიტორი), ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 43%-ს (370 245 ვიზიტორი).

2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში ქართველ ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 30%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით. 2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, სათაფლიას, მარტვილისა და ოკაცეს კანიონებს. ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია პრომეთეს მღვიმეზე 21%-ით, სათაფლიაზე 14% – ით, ყაზბეგის ეროვნულ პარკში 14%-ით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 7% -ით, ოკაცეს კანიონზე 45%-ით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 7%-ით, მტირალას ეროვნულ პარკში 37% -ით, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე – 26%-ით, კოლხეთის ეროვნულ პარკში – 14%-ით, ალგეთის ეროვნულ პარკში – 73% -ით. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 27 %-ით.

2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში, უცხოელ ვიზიტორთა შორის ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან 25%, ისრაელიდან 15%, პოლონეთიდან 9%, უკრაინიდან 6%, გერმანიიდან 5%.

2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით, 2016 წლის ცხრა თვესთან შედარებით შემოსავლების რაოდენობა გაზრდილია 93%-ით.