დაჩი ცაგურია – დარწმუნებული ვარ, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში
„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის, მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, იმ რეფორმების პარალელურად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, უკვე დაწყებულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები. ამასთანავე, მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის რეაბილიტაციის პროცესი. დაჩი ცაგურიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამგზავრო რეისები განახლებული მატარებლებით შესრულდება.
„აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზამ თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით, სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა, მკვეთრად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი და სერვისი, აქტიურ ფაზაშია სამგზავრო სადგურების რეაბილიტაციის პროცესი. ზაფხულის სეზონზე საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს არაერთი სიახლე შესთავაზა. აღნიშნული საკითხების გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები ამოქმედდა. მგზავრთა უფლებების დაცვა, ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ დოკუმენტის მიღება ძალიან სწორი და დროულია. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.