დაჩი ბერაია - ახალი პრინციპით გამორიცხულია კრიზისის რისკი, შესაბამისად, კანონპროექტს მხარს დავუჭერ და კონსენსუსს მივესალმები
დაჩი ბერაია - ახალი პრინციპით გამორიცხულია კრიზისის რისკი, შესაბამისად, კანონპროექტს მხარს დავუჭერ და კონსენსუსს მივესალმები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დაჩი ბერაიას განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით ნაკლებია შანსი, რომ საქართველოს კოალიციური მთავრობა დასჭირდეს და მემარჯვენე, მემარცხენე, პროდასავლურმა და პრორუსულმა პარტიებმა მთავრობის დაკომპლექტება ერთად დაიწყონ.

როგორც ჟურნალისტებს ბერაიამ განუცხადა, ახალი პრინციპით უფრო ნაკლებია კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა, ვიდრე ეს სრულად პროპორციულის შემთხვევაში იქნებოდა.

„სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი ორი მიზეზის გამო არ დავუჭირეთ. ერთი მხრივ, პარლამენტში რეგიონებს წარმომადგენელი არ რჩებოდათ და მეორე მხრივ, თუნდაც 49-პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსი იყო ქვეყანაში სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო. ახალი ცვლილებით ორივე საკითხი დაბალანსებულია – რეგიონებს ნაკლები, მაგრამ პარლამენტში თავისი წარმომადგენელი მაინც ეყოლებათ და 40-43 პროცენტის შემთხვევაშიც კი, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტს მხარს დავუჭერ და კონსენსუსს მივესალმები“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.