დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების საპროექტო მომსახურების  მიმწოდებლის შერჩევის მიზნით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

საკონკურსო წინადადებების მიღება 20 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 300 ათასი ლარია.

კონკურსში გამარჯვებული კომპანია შეიმუშავებს დაბა სურამის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტებს, ასევე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

დაბა სურამის განვითარების მიზნით ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის შესამუშავებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მთავრობის 1953-ე განკარგულების საფუძველზე დაევალა.

როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განმარტავს, განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია – საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე.წ. ბრაუნფილდის – არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა.