დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

10:14, 06.06.2025

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

წარდგენის შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2002-დან 2024 წლამდე ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი-ფარმაში“ მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას. ამავდროულად, 2016-2018 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მსგავსი