დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გასული წლის ზაფხულთან შედარებით, წელს ტემპერატურა ერთი გრადუსით მაღალი იქნება, რის გამოც შესაძლოა, იყოს რისკი დამწვრობის მომატების და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების.

„ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.  განსაკუთრებით მოწყვლადი არიან მაღალი ტემპერატურისადმი მოხუცები, ბავშვები და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფები. აქ ვგულისხმობ ადამიანებს, ვისაც აქვს ქრონიკული გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ამიტომ განსაკუთრებით ამ ადამიანებმა და ყველამ უნდა დაიცვას ელემენტარული წესები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სასურველია, რომ ადამიანებმა დიდი დრო არ გაატარონ მზეზე და დღის განმვალობაში ძირითადად დახურულ შენობებში იყვნენ.

„უნდა ვეცადოთ, რომ დახურულ შენობებში როგორც სახლში, ისე სამუშაო ადგილზე, იყოს შედარებით კომფორტული ტემპერატურა. კომფორტულ ტემპერატურას ჩვენ ვგულისხმობთ დაახლოებით 22-დან 28 გრადუსამდე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მაღალი ტემპერატურის დროს დიდი საფრთხეა ინფექციური დაავადებების გავრცელების, რომელთა გადატანაც ხდება წყლით, ასევე დაბინძურებული საკვებით, მწერებით, ტკიპებითა და კოღოებით.

„ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. ვერიდოთ ისეთი სასმელის, ან საკვების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს სარისკო. განსაკუთრებით ეს არის კრემიანი, მაღალკალორიული საკვები და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საკვები დამზადებულია შესაბამისი სტანდარტების დაცვით. განსაკუთრებით თავს იჩენს დიარეული დაავადებების რისკი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 34-39 გრადუსი ფიქსირდება, ხოლო დედაქალაქში – 37 გრადუსი. მათივე ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა 3 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება.