დაავადებათა კონტროლის ცენტრი - მადლობას ვუხდით აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს წვლილისთვის, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მიუძღვით
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - მადლობას ვუხდით აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს წვლილისთვის, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მიუძღვით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გულითადად ულოცავს ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს და მადლიერებას გამოხატავს აშშ-ის მთავრობის, ამერიკული დონორი და პარტნიორი ინსტიტუციების მიმართ ათწლეულების მანძილზე გაწეული ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

როგორც ცენტრში აცხადებენ, აშშ-ის სამთავრობო დონორი და პარტნიორული ორგანიზაციების ძალისხმევითა და მხარდაჭერით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით და ძლიერი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის მიმართულებებით.

„აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში მაღალ დონეზე გადამზადდა შესაბამისი ადამიანური რესურსი და რაც მთავარია, საქართველოში აშენდა და დაფუძნდა რეფერალური ლაბორატორია – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ს/ჯ კვლევითი ცენტრი, დიდი ხნის მანძილზე რეგიონში ერთადერთი ბიოუსაფრთხოების მესამე დონის (BSL3) ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები.

დღეს, ლუგარის ლაბორატორია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ინფექციის დიაგნოსტირების თვალსაზრისით, ისევე როგორც სხვა ინფექციური დაავადებების: გრიპის, რესპირატორული ინფექციების, წითელა-წითურას, პოლიოს, როტავირუსული ინფექციების და სხვა ადრეული იდენტიფიცირებისა და დიაგნოსტირების კუთხით.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და მადლობას ვუხდით აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში მიუძღვით“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.