დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიას მასპინძლობს

13:58, 11.11.2026

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიას მასპინძლობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოს მიერ ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, კერძოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის შედეგები. ასევე, სტუმრები ადგილზე თავად გაეცნობიან ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტების პრევენციის, სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამებს.

მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს. შეხვედრები გაიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთანაც.

„აღინიშნა, რომ საერთაშორისო ვალიდაციის პროცესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შეფასების, შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი – ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მოპოვების გზაზე.

სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში მიღწეული პროგრესი ეფუძნება თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, ძლიერ საერთაშორისო პარტნიორობასა და ქართველი ექიმების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების მრავალწლიან პროფესიულ საქმიანობას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო და ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამჟამად C ჰეპატიტის მქონე პაციენტების განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული B ჰეპატიტის პრევენციის მიმართულებითაც: ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება 0,03%-ს შეადგენს, ახალშობილებში დაბადებისას ვაქცინაციის მოცვა 95,5%-ია, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვა — 90,5%“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო მისიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილეებთან – პაატა იმნაძესთან, ირმა ხონელიძესთან, ეკა ადამიასთან და ია ახალაიასთან, ასევე ცენტრის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მასპინძლობს.

მსგავსი