დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რაოდენობა გაიზრდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რაოდენობა გაიზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგს ყოველწლიურად ზრდის.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2019 წელს ასი ათასი დოზა იქნა შესყიდული, 2020-ში კი მოცულობა კიდევ უფრო მაღალი იქნება.

რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელში საკმარისი მარაგია.

ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ „ტამიფლუს“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, უფასოდ მიიღებენ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, მისასალმებელია, რომ 2019 წელს ბევრად მეტი ადამიანი აიცრა, ვიდრე წინა წელს.

„წელს ბევრად მეტი ადამიანი ავცერით ქვეყანაში. ვაქცინაცია დაახლოებით ორ-ნახევარჯერ მეტ ადამიანს ჩაუტარდა წელს, ვიდრე შარშან. ჩვენთან ვაქცინაციის კულტურა დაახლოებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაძლიერდა. დავიწყეთ ხუთი ათასით, წელს სახელმწიფომ იყიდა ასი ათასი დოზა ვაქცინის და უკვე დღევანდელი რიცხვით აცრილია დაახლოებით 95 ათას  370 მაღალი რისკჯგუფის ადამიანი. კერძო სექტორმა აცრა 30 ათასი ადამიანი, სულ 125 ათასამდეა აცრილი. ზოგადად, მისასალმებელია, რომ ორსულ ქალბატონებზე იმოქმედა ჩვენმა მოწოდებამ. წელს დაახლოებით ერთ – ნახევარჯერ მეტი ორსული ქალბატონი აიცრა, ვიდრე შარშან. ეს კარგია, მაგრამ არასაკმარისია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ორსულებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აიცრან.

„გრიპის ვირუსი და განსაკუთრებით კი ეიჩ ერთი ენ ერთი ვირუსი, დიდი ტროპიზმით ხასიათდება. გრიპი ორსულ ქალბატონებში, სამწუხაროდ, იძლევა ხოლმე გართულებებს, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ ორსულ ქალბატონებს, არის ამის საშუალება ქვეყანაში, გვაქვს სტრატეგიული მარაგი. ქვეყანა ვაქცინის მარაგს ყოველწლიურად ზრდის. შარშან გვქონდა 40 ათასი დოზა შესყიდული, 2019 წელს ასი ათასი. ვფიქრობ, 2020-ში ჩვენ გავზრდით, როგორც სახელმწიფო შესყიდვას, ასევე, ვფიქრობ, კომერციული სექტორი დადგა გამოწვევის წინაშე, რომ მოთხოვნა არის და მათ ვაქცინა აღარ აქვთ. ამიტომ, ჩემი აზრით, მომავალ წელს ისინიც გაზრდიან შესყიდვებს. გამოსავალი არის, რომ დავიცვათ ის პრევენციული ღონისძიება, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ. აუცილებელია ხშირი დაბანა ხელების, განიავება,სველი წესით დალაგება. მოგეხსენებათ გრიპი იწყება მაღალი ტემპერატურით, ცხელებით, შემცივნებით, ძლიერი თავის ტკივილით, ძლიერი სახსრების ტკივილით და თუ გაქვთ ეს სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ მშობლებს, რადგან ხუთ წლამდე ბავშვები არიან მომატებული რისკის მქონეები და ასევე მოხუცები და ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.