დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - COVID-19-ით დაავადებულთა 17 პროცენტი პისიარ ტესტირების მომენტში უსიმპტომო იყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - COVID-19-ით დაავადებულთა 17 პროცენტი პისიარ ტესტირების მომენტში უსიმპტომო იყო

COVID-19-ის დადასტირებული შემთხვევების თითქმის 17%-ში დაავადება, ტესტირების მომენტში, უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანალიზში – „საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა“.

კვლევა პირველი დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირებიდან – 16 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, რომ ასიმპტომურია COVID-19-ის ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევა, რომელიც არ გამოირჩევა რაიმე სიმპტომით. აღნიშნული 83 შემთხვევა უსიმპტომო იყო PCR ტესტირების დღეს, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა, მოგვიანებით გამოვლენოდათ გარკვეული სიმპტომები. ტესტირბულთა საერთო რაოდენობიდან დადასტურებული შემთხვევები 2%-ს შეადგენს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ, 11 მაისის მდგომარეობით ყოველ 100 000 მოსახლეზე 16.9 დაინფიცირებული მოდის.

COVID-19 ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ყველაზე დაბალი – შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისის, აჭარის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები შუალედურ პოზიციას იკავებენ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე 5%-დან 20%-მდე მერყეობს.

საქართველოში კი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ში აღირიცხა.

დოკუმენტის თანახმად, მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს (excess mortality) განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობა ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. შედარებით მაღალი სიკვდილიანობა ამ ეტაპისთვის (11.05.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში. საქართველოში კი 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12 474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე 4%-ით ნაკლებია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშში ასევე მოცემულია კორონავირუსის სიმპტომების გადანაწილება სიხშირის მიხედვით. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება (82,4%), ზოგადი სისუსტე (49.6%), ხველა (38,3%), ყელის ტკივილი (25.9%) და თავის ტკივილი (22.5%). 500 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს 83 შემთხვევა იყო ასიმპტომური.

შესაბამისად უსიმპტომო შემთხვევების პროპორცია იყო 16.6%. აღსანიშნავია, რომ ერთზე მეტი სიმპტომი აღინიშნა პაციენტების 57.6%-ში.

დატოვე კომენტარი