დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით 8 024 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით 8 024 ადამიანი გარდაიცვალა

ქვეყანაში ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზი 9 435 ადამიანს დაუსვეს. წინა წელს ეს მაჩვენებელი 10 339 იყო.

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 54% აღირიცხა ქალებში, 46% კი – კაცებში.

ახალი შემთხვევების 68% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან (30-70 წელი) ასაკობრივ ჯგუფში; შემთხვევათა 28% – 70 წლის და უფროს ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე და 15-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე მოდის ახალი შემთხვევების ერთი პროცენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 8 024 ადამიანი (წინა წელს ეს მაჩვენებელი 7873 იყო). მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეას, ბრონქის, ფილტვის კიბოზე (15%) და სარძევე ჯირკვლის კიბოზე (10%) მოდის.

მათივე ცნობით, სამი ყველაზე მაღალი ავადობის კიბო ქალებში ასეთი სახისაა: სარძევე ჯირკვალი; ფარისებრი ჯირკვალი; კოლორექტუმი. სამი ყველაზე მაღალი ავადობის კიბო კაცებში: წინამდებარე ჯირკვალი – ტრაქეა, ბრონქი, ფილტვი – კოლორექტუმი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ბავშვებში ყველაზე მაღალი ავადობის ავთვისებიანი სიმსივნეებია ლეიკემია, ლიმფომები და თავის ტვინის და ხერხემლის სიმსივნეები.

„ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგ-პროგრამები: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ჩათვლით; პროსტატის კიბოს მართვა 50-დან 70 წლის ჩათვლით; კოლორექტუმის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლის ჩათვლით მოსახლეობისთვის“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.