დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა [ფოტო]
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა [ფოტო]

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით, ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა.

ატომური აბზორფციული სპექტრომეტრი აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა შეიძინა და ცენტრს საჩუქრად გადასცა.

აპარატის გადაცემის ცერემონია ცენტრის ეზოში გაიმართა და ღონისძიებას დაესწრნენ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი, ესტონეთის კონსული საქართველოში იურგო ლო.

ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი – ლაბორატორიული დანადგარია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.) ტოქსიკური მეტალების (როგორიცაა ტყვია, კადმიუმი და არსენიკი) შემცველობის განსასაზღვრად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული მოწყობილობა გამოყენებული იქნება ტყვიის წყაროების შესასწავლად საქართველოში, ასევე სხვა კვლევებისთვის.

მათივე ცნობით, გასულ წელს გამოქვეყნებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში, აღებული იყო 2-7 წლის ასაკის ბავშვების 1,570 ვენური სისხლის ნიმუში. ცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 μg/dL-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას.

მიმდინარე წლის აპრილში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ასევე გადაეცა სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი, რომელიც შესაძლებელს ხდის ტყვიით დაბინძურების წყაროების შესწავლას.

„კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების გამო, ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლის საველე სამუშაოები გადაიდო და ვითარების გამოსწორებისთანავე განახლდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

დატოვე კომენტარი