დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტს „პისიარ“ კვლევის ჩასატარებელი აპარატი გადასცა
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტს „პისიარ“ კვლევის ჩასატარებელი აპარატი გადასცა

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტს „პისიარ“ კვლევის ჩასატარებელი აპარატი გადასცა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიაში განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში იქნება სწრაფი „პისიარ“ ტესტის ჩატარების საშუალება.

„დღეს წამოსულია თბილისიდან და მესტიას გადაეცემა ერთი „ჯინ ექსპერტის“ ოთხმოდულიანი აპარატი თავისი სპეციალისტით. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გადასცა მესტიის მუნიციპალიტეტს აღნიშნული აპარატი, რომელიც 45-წუთიანი „პისიარ“ ტექნოლოგიით მუშაობს, ანუ სწრაფ „პისიარ“ ტექნოლოგიაზეა დამყარებული, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი გამტარიანობა ისეთი არ არის, როგორიც კლასიკური „პისიარის“. აქ შეიძლება ვთქვათ, რომ შეგვიძლია დავდგათ ოთხი ნიმუში და როცა გადაუდებლად გვჭირდება დიაგნოსტიკა, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის დამონტაჟდება მესტიის რაიონულ საავადმყოფოში და წამოსულია ჩვენგან სპეციალისტი, იმერეთის განყოფილების ლაბორანტი, რომელსაც აქვს „პისიარ“ აპარატზე მუშაობის გამოცდილება. ის დარჩება აქ, ჩაუტარებს ტრენინგს ადგილობრივ ლაბორანტს და მესტიის მუნიციპალიტეტში იქნება სწრაფი „პისიარ“ ტესტის გამოკვლევის საშუალება, როგორც „კოვიდზე“, ასევე ამ აპარატზე შეიძლება „ცე“ ჰეპატიტის, აივ-ინფექცია შიდსის და ა.შ გამოკვლევა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, მესტიაში გამოვლენილი კორონავირუსის ყველა შემთხვევა ლენჯერთანაა დაკავშირებული.

„დილის მონაცემებით, ქვეყანაში 14 ახალი შემთხვევაა, აქედან 12 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის კლასტერს, ერთი ყარაჯალას, ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, რომლის იდენტიფიცირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. მთლიანად, მესტიის მუნიციპალიტეტში ამჟამად მდგომარეობა კონტროლირებადია, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება. გუშინწინ და გუშინ ერთად აღებულია დაახლოებით 1 400 ნიმუში, აქედან 450-ის კვლევა დამთავრებულია, ამ 450-დან 30 დადასტურებული შემთხვევაა. დადებითობის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ყველა ეს 30 შემთხვევა დაკავშირებულია ლენჯერის თემთან. ამრიგად, ლენჯერში კიდევ უფრო გამკაცრდა საკარანტინო მდგომარეობა, შესვლა-გამოსვლა ამ სოფელში და ყველანაირი გადაადგილება აკრძალულია. თვითონ ლენჯერში დაიწყო აქტიური თერმოსკირნინგი, ასევე თერმოსკრინინგი დაიწყო ყველა იმ სოფელში, სადაც მიმდინარეობს ტესტირება. ამავე დროს, ველოდებით თბილისიდან თერმოსკრინინგის აპარატურას და მესტიის მთლიან მუნიციპალიტეტში დაიწყება თერმოსკრინინგი, რათა ადრეულ ეტაპზე იყვნენ გამოვლენილი ადამიანები ტემპერატურით, ადრეულ ეტაპზე ჩაუტარდეთ „პისიარ“ ტესტირებები და შესაბამისად, ვინც დადებითი იქნება, გადავიყვანთ სამკურნალოდ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, მესტიაში კვირის ბოლომდე დაახლოებით 4 000 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.

„დღეს სიახლეები ეს გვაქვს, ანუ აქტიური „პისიარ“ ტესტირებები მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ 957 ნიმუში იყო აღებული, მათი პასუხები გვეცოდინება დღეს, დღის მეორე ნახევარში. მათი კვლევები მიმდინარეობს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბოლატორიასა და ქუთაისის სამმართველოს ლაბოლატორიებში. დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხები და გვექნება უფრო ნათელი სურათი, თუ რა ხდება, რადგან ამ 957 ნიმუშში არა მარტო ლენჯერის ნიმუშებია, არამედ მესტიის, მულახისა და კიდევ სხვა სოფლების.

დღეს 16 ბრიგადა მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა წერტილში. მხედველობაში მაქვს ნიმუშის ამღები ბრიგადები „პისიარ“ კვლევებისთვის, ორი ბრიგადა გავუშვით უშგულში, ისინი დღეს უშგულს მთლიანად მოიცავენ. დაბა მესტიაშიც რამოდენიმე წერტილია, ასევე ხაიშში, ჭუბერშიც მუშაობენ და მასობრივად არის გაშლილი. ხელშეწყობა არის საკმაოდ კარგი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და ვფიქრობ, რომ დღესაც 1 000 ნიმუშს ავიღებთ. ისინი გაიგზავნება გამოსაკვლევად ქუთაისსა და ზუგდიდში. როგორც გუშინ მოგახსენეთ, სამიზნე გვაქვს ამ კვირის ბოლომდე დაახლოებით 4 000 ადამიანის გამოკვლევა და შემდგომ არ გამოვრიცხავ სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარებას ლენჯერის თემში“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამირან გამყრელიძემ.