საქართველოში დოლბანდის 12 შრისგან დამზადებული პირბადეები მრავალჯერადია, ცხელ წყალში უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს 
საქართველოში დოლბანდის 12 შრისგან დამზადებული პირბადეები მრავალჯერადია, ცხელ წყალში უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს 

სამედიცინო პირბადეები, რომლებიც კომპანია „აჭარა ტექსტილში“ იკერება, უსაფრთხო და მრავალჯერადი გამოყენებისაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა, გელა მგელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„ეს პირბადეები, ნიღბები დამზადებულია დოლბანდის 12 შრისგან, ანუ მისი ეფექტიანობა ამ შრეების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ამიტომაც ნიღბებთან დაკავშირებით დაწესებულ მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ამასთანავე მისი გამოყენება რამდენჯერმე შეიძლება, კერძოდ სარეცხი საშუალებით ცხელ წყალში გარეცხვა, შემდეგ ცხელი უთოთი დაუთოვება. სამ საათში ერთხელ უნდა მოხდეს პირბადის გამოცვლა“, – განაცხადა გელა მგელაძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, „აჭარა ტექსტილის“ საწარმოც აკმაყოფილებს სტანდარტებს.

„მიუხედავად ბევრი დასაქმებულისა, აქ ყველაფერია ორგანიზებული ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. დამონტაჟებულია თერმოსკანერები, ყოველდღიურად ხდება პერსონალის შემოწმება, ასევე პერსონალი მუშაობს ნიღბებითა და ხელთათმნებით. აქ ინფექციის გადაცემის საფრთხე არ არის“, – განაცხადა გელა მგელაძემ.

საქართველოში სამედიცინო ნიღბების წარმოება დაიწყო. პირბადეები ფოთში, „აჭარა ტექსტილში“ იკერება. ნიღბების დამზადების პროცესს დღეს საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა გაეცნო. „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების პირველ პარტიას დღეს გამოუშვებს. 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ნათია თურნავამ განმარტა, რომ პირველი პარტია სახელწიფოს მიერ იმ მოხელეთა კატეგორიებზე  გადანაწილდება, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან, შემდეგი პრიორიტეტია ბიზნესები, სადაც დასაქმებული ადამიანები გარკვეული მაღალი რისკის ქვეშ არიან. „შემდეგ, რა თქმა უნდა, კომერციულ სექტორში გავა პირბადეები, ოღონდ ფასის კონტროლით“, –  განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.