დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 30 იანვრიდან 11 ივნისამდე საქართველოში 75 374 „პისიარ“ ტესტი ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 30 იანვრიდან 11 ივნისამდე საქართველოში 75 374 „პისიარ“ ტესტი ჩატარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელეობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად „პისიარ“ მეთოდის გამოყენებით ტესტირება 2020 წლის 30 იანვარს დაიწყო.

ცენტრის მონაცემებით, 30 იანვრიდან 11 ივნისამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა 75 374-ს შეადგენს, მათ შორის 71 149 პირველადია.

„პისიარ“ მეთოდი განიხილება როგორც ოქროს სტანდარტი „კოვიდ-19“-ის დიაგნოსტიკაში. მისი დადებითი მხარეა მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიურობა, რაც ცრუ დადებითი (ასევე ცრუ უარყოფითი) შედეგის რისკს მინიმუმამდე ამცირებს, თუმცა ერთჯერადად უარყოფითი „პისიარ“ შედეგი არ გამორიცხავს „კოვიდ-19“-ს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხვირ-ხახის ნაცხი აღებულია დაავადების საწყის ეტაპზე. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სივრცის და მაღალკვალიფიციური პერსონალის არსებობის პირობებში.

ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების შესაბამისად, შემთხვევის სტანდარტული განმარტებით განსაზღვრული შემთხვევები, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პაციენტები და სამედიცინო პერსონალი, ნებისმიერი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით (ვისაც აღენიშნება ან რესპირატორული დაავადების ნიშნები ან მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ტესტირებაზე), სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების და კატასტროფის ბრიგადის თანამშრომლები, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების არსებული ან ჩასარიცხი ბენეფიციარები და პერსონალი, ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე და კარანტინში მომუშავე პერსონალი, საბაჟო გამშვებ და სასაზღვრე პუნქტებში მომუშავე პირები, ნებისმიერ სტაციონარში მომუშავე მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული განყოფილების პერსონალი, ცენტრის ეპიდემიოლოგები და „პისიარ“ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალი“, – ნათქვამია ანგარიშში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ტესტირებას დაქვემდებარებული რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაფართოვდება.

„საქართველოში „კოვიდ-19“-ის ინფექციის ყველა შემთხვევა დადასტურებულია „პისიარ“ კვლევით. 2020 წლის 30 იანვრიდან 1 მარტამდე „პისიარ“ კვლევას ახორციელებდა მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია. 1 მარტიდან ტესტირებაში ეტაპობრივად მოხდა სხვა ლაბორატორიების ჩართვა. 11 ივნისის მდგომარეობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიების მიერ ჩატარებული კვლევების წილი 66 პროცენტს შეადგენდა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება სამიზნე ჯგუფების კვლევას, ცენტრის მონაცემებით, 2020 წლის 30 იანვრიდან 10 ივნისის ჩათვლით, სულ ჩატარდა 64 424 „პისიარ“ ტესირება, მათ შორის 54 947 (85,3 პროცენტი) უნიკალური პირის კვლევა.

„ჩატარებული კვლევების უმეტესი ნაწილი – 25 700, მათ შორის 22 275 უნიკალური პირი (თითქმის 40 პროცენტი) ცხელების ან კოვიდ-კლინიკის და საკარანტინო სივრცის ბენეფიციარებს წარმოადგენდა. სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებსა და საკარანტინე სივრცის / საბაჟო სამსახურის თანამშრომელთა კვლევებით მოცვამ გამოკვლეულთა 35 პროცენტი შეადგინა (სულ 22 429 კვლევა). ჩატარებული გამოკვლევების 12 პროცენტამდე სხვადასხვა სტაციონარების იმ პაციენტებზე მოდიოდა, რომლებსაც „კოვიდ-19“-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. გამოკვლეულთა 7,5 პროცენტს დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები წარმოადგენდნენ“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი – სამეგრელო, ზემო-სვანეთსა და იმერეთში.

საქართველოს დანარჩენ რეგიონებში დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა 800 აღწერილი შემთხვევიდან 157 (19,6 პროცენტი) იყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანალიზსა და აღწერილობით კვლევებს პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 800 პაციენტის და პირველი ჰოსპიტალიზებული და გაწერილი 500 პაციენტის ჩათვლით.

დატოვე კომენტარი