დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გრიპის სეზონზე ვირუსით H1N1-ით ორი ადამიანია გარდაცვლილი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გრიპის სეზონზე ვირუსით H1N1-ით ორი ადამიანია გარდაცვლილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის სეზონზე ვირუსით H1N1-ით ორი ადამიანია გარდაცვლილი. ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორივე შემთხვევაში სახეზე იყო სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მიმართვა. ამასთანავე, ორივე პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების ორი შემთხვევა გვაქვს, რომლებიც უკავშირდებოდა გრიპის ვირუსს და კერძოდ H1N1-ს. ერთი გახლდათ იმერეთში და მეორე აჭარაში. ორივე შემთხვევაში, საქმე გვქონდა სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებულ მიმართვასთან. ორივე გარდაცვლილი მოზრდილი იყო და გრიპს თან ახლდა  ამ ადამიანების ძირითადი ქრონიკული დაავადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ რვა წლის გოგონას გარდაცვალების შემთხვევას, ამირან გამყრელიძის თქმით, კვლავ უცნობია, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კვლევა კვლავ მიმდინარეობს.

„კვლევა მიმდინარეობს და ვიდრე არ დამთავრდება, კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.