დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას წითელას ვაქცინაციისკენ ​მოუწოდებს 
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას წითელას ვაქცინაციისკენ ​მოუწოდებს 

წითელა მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ გართულებებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ წითელას შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაფიქსირებულია წითელას მატების დინამიკა.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დროულად ჩაიტარონ აცრა, რათა თავი დაიცვან გართულებებისგან.

“2018 წლის დასაწყისში აღინიშნება წითელას შემთხვევების ზრდის დინამიკა. ევროპის ქვეყნებში შარშან დაფიქსირდა დაახლოებით 15 000-მდე შემთხვევა, სამწუხაროდ, 34 გარდაცვალების ფაქტი სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოში მარტი-იანვრის თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 102 წითელას შემთხვევა, 84% ამ შემთხვევებისა დაფიქსირებულია აჭარის რეგიონში, ამ რეგიონში წითელას ეპიდაფექთების შეკავების მიზნით, უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები. წითელა არ გახლავთ სახუმარო დაავადება. წითელა გახლავთ, მწვავე ინფექციური დაავადება, ვირუსული, რომელიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ გართულებებს როგორც ფილტვების, ასევე სხვადასხვა მხრივ, ამავე დროს რიგ შემთხვევებში არის სამწუხაროდ სავალალო შედეგიც. ჩვენს ქვეყანაში 2004-2005 და 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ სერიოზული ეპიდაფეთქება. პირველი აფეთქების დროს ჩვენ გვქონდა წითელას 8000-მდე შემთხვევა, ხოლო მეორე ეპიდაფეთქებების დროს 11000. ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ ე.წ. შემაკავებელი ღონისძიებები, რათა არ მივიღოთ კვლავ წითელას ეპიდემია და მოსახლეობამ დროულად გაათვითცნობიეროს რასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ წითელა გახლავთ დაავადება, რომელიც იმართება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციით. წითელას სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. წითელას საწინააღმდეგო აცრა შედის ეროვნულ კალენდარში ბავშვები იცრებიან 12 თვის და 5 წლის ასაკში. დამცველობითი ეფექტი წითელას აცრისა არის ძალიან მაღალი. აცრილ მოსახლეობას შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა გამონაკლისი შედეგისა, წითელა არ უვითარდებათ”, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელი განსაკუთრებით მიმართავს მომავალ დედებს და პატარა ბავშვების მშობლებს, რომ აუცილებლად ჩაიტარონ აცრები.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა საკუთარი აცრის სტატუსი უნდა გადაამოწმონ პოლიკლინიკებში და თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ აქვთ გეგმიური აცრა ჩატარებული, 40 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ ვაქცინაცია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ აღმოჩნდება, რომ აცრა შეცდომით, დამატებით გაკეთდა არ იქნება პრობლემა, რადგან ასეთ შემთხვევაში იმუნიტეტი უფრო მყარდება.