დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გრიპის გართულებების შემთხვევები შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ ნაკლებია
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გრიპის გართულებების შემთხვევები შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ ნაკლებია

გრიპის სეზონური ვირუსებითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით ავადობის მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ადამიანი შეადგინა. გასული კვირის მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.

მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის (წლის 52-ე კალენდარული კვირა) სტატისტიკას, რომელიც 277-ს შეადგენდა.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირაში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მხოლოდ 19% მოდის გრიპსა და გრიპის მაგვარ დაავადებებზე, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი თითქმის 42%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ინფექციის გართულებების მაჩვენებელი შემცირებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუმარტა, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსებს შორის გავრცელებულია როგორც „ა“, ისე „ბ“ ტიპის ვირუსები, თუმცა მათი გავრცელების მასშტაბები მაღალი არ არის.

ზამთრის მიმდინარე სეზონზე, გრიპის გართულების გამო, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.