დაავადებათა კონტროლის ცენტრი - „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის საკითხზე ვრცელდება ამირან გამყრელიძის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის საკითხზე ვრცელდება ამირან გამყრელიძის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებში ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია ვრცელდება.

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ბატონი ამირან გამყრელიძის გამოსვლისა და განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც გარკვეულ დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს, რომელიც ეხებოდა საქართველოში კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლას.

ბატონმა ამირანმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და კოვაქსთან იანვარში საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე ჰქონდათ დადასტურებული თანხმობა, რომ თებერვლის მეორე ნახევარში ქვეყანა მიიღებდა „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზებს (29 150).

საქართველო არის მსოფლიოს იმ თვრამეტი და ევროპის ოთხი ქვეყნის რიცხვში, რომელმაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, კოვაქსის საშუალებით უნდა მიიღოს „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები.

სამწუხაროდ, ვაქცინების წარმოებასა და მიწოდებაში არსებული გლობალური დეფიციტის გამო, „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინების მიწოდების თარიღმა საქართველოსთვის გადაიწია, ჯერ თებერვლის ბოლო კვირისთვის, ხოლო შემდგომ გადაიდო მარტისთვის.

საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც კოვაქსის საშუალებით, ისე პირდაპირი მოლაპარაკებებით, „ასტრაზენეკას“ მიერ ინდოეთში და სამხრეთ კორეაში წარმოებული ვაქცინების რამდენიმე ასეული ათასი დოზის მისაღებად მარტის თვის განმავლობაში.

გამოსვლის ვიდეოს სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.