ჩხოროწყუში, მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან გაგრძელდება
ჩხოროწყუში, მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან გაგრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ხვალ დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან წალენჯიხის, ზუგდიდისა და სენაკის მეხანძრეებიც.

როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით გოგუამ განაცხადა, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. სალიკვიდაციო სამუშაოები კი დილიდან განახლდება.

შექმნილია მოხალისეთა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სოფლის ახალგაზრდები შედიან. ჯგუფები დილიდანვე ჩაერთვებიან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ხანძრის ქრობას ხელს უშლის ის გარემოება, რომ ადგილი სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალია.

ხანძარი ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საზღვარზე, ალპურ ზონაში დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რადენიმე კერის ჩაქრობა შეძლეს, თუმცა სამუშაოები დაბნელების შემდეგ შეწყდა. გვიან ღამით ამოვარდნილმა ქარმა ხანძრის ახალი კერები გააჩინა.

დატოვე კომენტარი