ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი – მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა, რომ სოფელი წნელისი სამხრეთ ოსეთის საზღვრებში არ მოხვდა

14:42, 21.06.2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე სპეციალური ე.წ. კომისია ჩამოყალიბდა. კომისიაში სეპარატისტული რეჟიმის ფარგლებში არსებული სხვადასხვა პარტიის წევრები შევლენ.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსლან თედეევმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება თავად მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. მისი თქმით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი „სამხრეთ ოსეთის საზღვრებში არ მოხვდა“.

„ჩვენმა მოქალაქეებმა არაერთ ინსტანციას მიმართეს, თუმცა ამაოდ. ამიტომაც ჩვენ არსებული პრობლემის გადასაჭრელად სპეციალური კომისიის შექმნა გადავწყვიტეთ. როგორც ჩანს, საჭიროა ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია მოხდეს“, – განაცხადა თედეევმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, პიოტრ გასიევმა კი განმარტა, რომ საზღვრის დელიმიტაციის და შესწავლა-აღნიშვნის პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენი კუთვნილი მიწის ერთი მეტრიც კი ვინმეს დავუთმოთ“, – აღნიშნა გასიევმა.

მსგავსი