ცვლილებების პროექტით, საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა იქნება
პირები, რომლებიც საჯარო სამსახურში მრჩევლებად არიან დასაქმებული და ანაზღაურებას იღებენ, თავიანთ საქმიანობას უსასყიდლოდ განახორციელებენ.
შესაბამისი ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს 2 ივნისს წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას, წარმოდგენილი ცვლილებით კი მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა იქნება.
ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“. მათი განმარტებით, მრჩეველის პოზიცია, თავისი არსიდან გამომდინარე, არ არის დატვირთული და საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირების ტოლფასი.
„შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა არ იყოს ანაზღაურებადი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.