Cullen international-ის ექსპერტი - როდესაც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ არსებულ ქსელებზე ვირტუალური მობილური ოპერატორების დაშვება
Cullen international-ის ექსპერტი - როდესაც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ არსებულ ქსელებზე ვირტუალური მობილური ოპერატორების დაშვება

მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორების (MVNO) დაშვება, – ამის შესახებ Cullen international-ის მთავარმა ანალიტიკოსმა და კონკურენციის ექსპერტმა, ვერონიკა ბოკაროვამ საქართველოს ქსელის ოპერატორთა ჯგუფის GeoNog2020 ფორუმზე განაცხადა.

როგორც ვერონიკა ბოკაროვამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორები შესაძლოა რაიმე ფორმით საფრთხეს წარმოადგენდნენ.

მისი განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორი  აჩენს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

„MVNO ოპერატორზე გადასვლის შემთხვევაში, არ დგება ქსელის შეცვლის საჭიროება, მომხმარებლები რჩებიან ისევ ძველ ქსელზე და MNO ოპერატორები კვლავ ინარჩუნებენ საბითუმო შემოსავალს, ხოლო ახალი მოთამაშეები გამოიყენებენ არსებული ოპერატორების რესურსებს, მაგრამ მათ ექნებათ შესაძლებლობა, შესთავაზონ მომხმარებლებს უკეთესი მომსახურების პირობები“, – განაცხადა ვერონიკა ბოკაროვამ.

კონკურენციის ექსპერტის აზრით, MVNO-ის კარგი მაგალითია Virgin Mobile, რომელიც პირველად გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში და რამდენიმე წლის შემდეგ მომხმარებელთა კმაყოფილების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა. მისივე განცხადებით, საქართველოში არსებობს ისეთი ბაზრები და მიმართულებები, რომელიც არ არის განვითარებული და მისი ათვისება სწორედ ვირტუალურ ოპერატორებს შეუძლიათ.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე შევისწავლე ქართულ ბაზართან დაკავშირებით, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ნიშური ბაზრები, რომლებსაც შესაძლოა, უკეთ მოემსახურონ ახალი მოთამაშეები, რადგან მათ უფრო უკეთ უნდა ესმოდეთ სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებები. აქედან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი საჭიროა იყოს გახსნილი და შექმნას წინაპირობა ბაზრის განვითარებისთვის და მისცეს შესაძლებლობა ბაზარმა თავად გააკეთოს ყველაზე ეფექტური არჩევანი“. – განაცხადა Cullen International-ის ექსპერტმა.

GeoNog2020 ფორუმს კომუნიკაციების კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე იმედაძე ესწრებოდა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიის მიერ 2021 წლიდან ვირტუალური ოპერატორის დაშვების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა.

ეკატერინე იმედაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. მისი თქმით, ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით, კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვლად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ, მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან.

„მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1 300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით მოიმატებს და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება“, – განაცხადა იმედაძემ.