ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსეთის მოქალაქეებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსეთის მოქალაქეებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რასაც შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს, რუსეთის მოქალაქეებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სისხლის სამართლის კოდექსში აღნიშნული ცვლილებების შეტანის შესახებ განკარგულებას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.

კანონი სახელმწიფო დუმამ და ფედერალურმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე, სამშაბათს დაამტკიცეს. 700 ათასი რუბლიდან 1.5 მილიონ რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს ცრუ ინფორმაციის გამიზნულად გავრცელება, რამაც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ჯარიმა შესაძლოა, 18 თვემდე პერიოდის განმავლობაში პირის შემოსავლის მთლიანი ოდენობითაც განისაზღვროს ან სასჯელის ფორმად პირს ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოები, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი დაეკისროს.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ადამიანის გაუფრთხილებლობით გარდაცვალება მოჰყვა ან სხვა მძიმე შედეგი, ჯარიმის ოდენობა 2 მილიონ რუბლამდე ან სამ წლამდე ვადით, შემოსავლის დაქვითვა განისაზღვრება. შესაძლოა, შეეფარდოს გამოსასწორებელი სამუშაოები და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი.