ცოტნე ზურაბიანი - აშშ მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
ცოტნე ზურაბიანი - აშშ მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მომავალშიც გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, რაც მოუტანს მეტ მშვიდობასა და კეთილდღეობას საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და მიღწეულ პროგრესს სასამართლოში. ანალოგიური პოზიცია რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ მკაფიო და თვალსაჩინო პროგრესს, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში გვაქვს და სრულიად მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა.

ცხადია, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე და, რა თქმა უნდა, ამას ოპონენტების ფეიკნიუსები და მავნებლური ქმედებები ვერაფერს დააკლებს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტნე ზურაბიანმა.