ცოტნე კობერიძე - პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობა უნდა გადაილახოს, ნდობა თუ არ არსებობს, რა მხრითაც არ უნდა წახვიდე პოლიტიკოსი, იქნება ეს არჩევნები თუ ქუჩა, ყველგან ძალიან გაჭირდება
ცოტნე კობერიძე - პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობა უნდა გადაილახოს, ნდობა თუ არ არსებობს, რა მხრითაც არ უნდა წახვიდე პოლიტიკოსი, იქნება ეს არჩევნები თუ ქუჩა, ყველგან ძალიან გაჭირდება

ტაქტიკაზე მეტად ის ნაწილია, რომ თუ არ მიდიხარ კომისიაზე, შესაბამისად, ამბობ, რომ არალეგიტიმურია, შემდეგ ამის გამოც რომ არ გადაიხადო გირაო, ყველა ბრალდებაზე თქვა, რომ არცერთი არ არის, ჩემი აზრით, ლეგიტიმური და ბოლომდე მიყვები ამ ამბავს, ეს არის თანმიმდევრული პოზიცია, – ასე პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

კობერიძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ხომ იცოდა ზურაბ ჯაფარიძემ, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში მას მოუწევდა გარკვეული პერიოდით ციხეში წასვლა და ასევე არ არის რთული იმის პროგნოზირება, რა მოხდება, როდესაც ნიკა გვარამია და ნიკა მელია ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაიხდიან გირაოს, და რამდენად სწორია ეს ტაქტიკა, რადგან ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ტაქტიკურად ეს მათი მხრიდან გამართლებულია და პოლიტიკური თვალსაზრისით არის პოლიტიკური დივიდენდების მომტანი.

„ამის მერე ტაქტიკურად ვინ როგორ უყურებს, მისი გადასაწყვეტია. მე ზურაბ ჯაფარიძის ამ პოზიციას პატივს ვცემ. ზურაბ ჯაფარიძე არის პერსონა, რომელიც არის პოლიტიკური არქეტიპი, არის წინააღმდეგობაში ზოგადად და დაუმორჩილებლობის აქტი არის ზურას პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღი“, – განაცხადა კობერიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია მისი პოზიცია მათთან მიმართებაში, ვინც გირაო გადაიხადა და ფიქრობს თუ არა ის, რომ ისინიც ციხეში უნდა წასულიყვნენ, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ ეს არის მორალური საკითხი და ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა გადაწყვიტოს.

„ჩემი აზრით, ის, რომ პოლიტიკოსი კომისიაზე მისულიყო, იქ „ქართული ოცნება“ გაეცამტვერებინა და მისი პროპაგანდისთვის მოეგო, საერთოდ არ გავამტყუნებდი და მე არავინ არ გამიკრიტიკებია, მათ შორის, ვინც მისულა, მაგრამ თუ არ მიდიხარ ამ არგუმენტით, მერე ასე ბოლომდეც უნდა გაჰყვე, მაგრამ ეს გზა აირჩიო, მაშინ დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება, როცა გარეთ რჩები. რაზეც ამბობ, რომ ეს უკეთესი ტაქტიკაა, ბოლომდე უნდა დამტკიცდეს და გარეთ იმდენი უნდა გააკეთო, რომ ხალხს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კი, შენი გარეთ ყოფნა იმდენად ეფექტურია, შენ ციხეში არ უნდა ყოფილიყავი“, – განაცხადა კობერიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად აქვს ოპოზიციას ერთობის რესურსი, რადგან ისინი საუბრობენ, რომ მათ ერთი მიზანი, ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება ამოძრავებთ, მაგრამ ამ დროს ერთობა ისეთ მინიმალურ საკითხზეც კი არ აქვთ, როგორიც არის გირაოს გადახდა-არგადახდა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ თუ ყველა პოლიტიკოსი ამბობს, რომ ერთობა არის გამოსავალი ამ მხრივ, მაშინ ყველა ამ საკითხში უნდა იყოს ერთობა, თუმცა ეს შეუძლებელია.

„მე როცა სკეპტიციზმი გამიჩნდა, იმიტომ გამიჩნდა, რომ ზუსტად ვიცი ხოლმე, არ იქნება ერთობა, შეუძლებელია. ამდენი პოლიტიკოსია, ამდენი პარტია ამხელა ისტორიით და ვერ ხდება ხოლმე ეს. ნეტა, მოხდეს, მაგრამ არ ხდება, ჩემი აზრით. კი, კარგი იქნებოდა, მაგრამ არ ხდება. პოლიტიკური პარტიები ერთ სუბიექტად თუ არ იქცევიან და არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ არჩევნებზე ერთად დაიტესტებიან და ერთად გავლენ, შესაბამისად, ცალ-ცალკე რჩები და მერე გინდა-არ გინდა, რაღაც ტიპის კონკურენციაში ხარ და თუ იცი, რომ სხვადასხვანაირად გაიტესტები, არის ხოლმე ასე, მოდი, მე ასე ვიზამ, იმან ისე ქნას. მერე რაღაცნაირად, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე, ყველა მაინც საკუთარ ამომრჩეველზე ფიქრობს“, – განაცხადა კობერიძემ.

როგორც ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, მან თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ის არჩევნებზე არ გადის.

„საკრებულოს არჩევნებთან მიმართებაში მე იმიტომ დავაფიქსირე ჩემი მკაფიო პოზიცია, რომ არჩევნებზე არ გავდივარ, რომ მაგის მოლოდინი არ მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ახლა დავაჯერებთ და ვეტყვით, რომ ამ არჩევნებით რაღაცას შევცვლით. ამ ხალხთან ურთიერთობას და კომუნიკაციას, ჩემი აზრით, სჭირდება დრო, უკეთესად მოქცევა, უკეთესი პოლიტიკა, მეტი საუბარი და მეტი იმედი, რომ ისეთ ხალხსაც მოვიყვან, რომელიც ჯერ არჩევნებზე არ ყოფილა, არ მოსწონხარ და არ დაკარგო იმედი, რომ ასეთი ხალხი არსებობს. მე მგონია, რომ არსებობს ასეთი ხალხი. მე მგონია, რომ მეტი ხმის მიღების პოტენციალიც არსებობს. ამისათვის უნდა დავიწყოთ განსხვავებული საუბარი“, – განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, კობერიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობა უნდა გადაილახოს, რაც მარტივი არ არის, რთულია, თუმცა თუ გადაილახა, მერე გაადვილდება.

„იქამდე განცდა მაქვს, რომ მთავარი საწვავი, რაც არის ნდობა, თუ არ არსებობს, რა მხრითაც არ უნდა წახვიდე პოლიტიკოსი, იქნება ეს არჩევნები თუ ქუჩა, ყველგან ძალიან გაჭირდება“, – განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, ცოტნე კობერიძემ არჩევნების ტელეფონით ჩატარებასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის ინიციატივის შესახებ აღნიშნა, რომ ეს არარეალისტურია.