ცოტნე კობერიძე - გვინდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიში მოხსნას, ოპოზიციამ ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება
ცოტნე კობერიძე - გვინდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიში მოხსნას, ოპოზიციამ ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება

ჩვენ უბრალოდ, გვინდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს შიში მოხსნას, ოპოზიციამ საზოგადოებასთან ურთიერთობა შევძლოთ და ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ გარანტიის მიღების სხვადასხვანაირი ფორმები შეიძლება, იყოს. მათ შორის, შეიძლება, რაღაც გაფორმდეს – ტექსტი, რაზეც შევთანხმდებით. შეიძლება, დიალოგის რეჟიმში, მაგრამ მთავარია, ეს შიში მოიხსნას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენ, ოპოზიციამ ჩვენი კომუნიკაციებით უნდა მოვახერხოთ, რომ მოსახლეობაში გავაქროთ ეს შიში“, – განაცხადა კობერიძემ.

ამ განცხადებით ცოტნე კობერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობისგან“ გარანტიის მიღება, რომ მათ უარი თქვან ძალოვანი სტრუქტურების პორტფელებზე, როგორც ამას ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს და არის თუ არა პოლიტიკურ რეალობაში ინფანტილური ადამიანებზე იმის თქმა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რაღაც არ ქნან.

ცოტნე კობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხთან დიალოგის ეშინია.

„ჩვენ ვითხოვთ იმგვარ საარჩევნო სისტემას, სადაც წარმომადგენლობითობა იქნება გაზრდილი და ხალხის ხმა არ იკარგება. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ სწორედ ხალხთან დიალოგის ეშინია. იმიტომ, რომ ვიცით, მაჟორიტარულ პირობებში მოსახლეობის ხმა იკარგება. შეიძლება, 51 პროცენტის ხმა ერთმა ადამიანმა წარმოადგინოს, მაგრამ 49 პროცენტი დაიკარგოს. დემოკრატიის მთავარი ხიბლი რაც არის, წარმომადგენლობითობა, ეს იკარგება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, კლასიკური გაგებით, გერმანული მოდელი უმჯობესია, ვიდრე არსებული სისტემა, თუმცა, ის მოდელი, რაც ოპოზიციამ შექმნა, კიდევ უფრო უკეთესია, რადგან მთლიანად პროპორციულად გადაანაწილებს იმ მაჟორიტარებს, კონკრეტულ ფიგურებს, რომლებიც რეგიონში ადგილობრივი მოსახლისთვის მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, „გირჩი“ არ აპირებს, არჩევნებზე ოპოზიციასთან ერთად გავიდეს და კენჭს ცალკე იყრის, მაგრამ პარტიისთვის მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ველი სამართლიანი წესებით იყოს მოწყობილი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხედავს იმის რესურსს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩაიშალოს თუნდაც, იმ მიზნით, რათა შემდეგი არჩევნები 2020 წელსვე სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებაში ამის მუხტი არ იგრძნობა.

„ამ ეტაპზე, რომ გითხრათ, საზოგადოებაში მსგავსი ტიპის მუხტს ვგრძნობ-თქო, მოვიტყუები. მსგავსი აქტი რომ მოხდეს, ამას სჭირდება, მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არჩევნებს დელეგიტიმაცია გაუკეთოს და ეს უნდა იყოს ბუნებრივი. ამას ვერც ერთი კონკრეტული პოლიტიკური პირი, თუ პარტია ვერ შეძლებს. ეს ისე არ არის, პარტაქტივს გააკეთებინო რამე მსგავსი. ჩემი აზრით, მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ საზოგადოებაში ბუნებრივად იარსებებს განწყობა, რომ კონკრეტულ არჩევნებზე მაჟორიტარულ, შერეულ სისტემაში საზოგადოებამ მონაწილეობა არ მიიღოს, ან თუ მიიღებს, მოახდინოს ისე, რომ ეს არჩევნები ჩაიშალოს, მაგრამ ეს რთული იქნება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

როგორც „გირჩის“ წევრმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნებს ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში წააგებს.