ცოტნე კაპანაძე - „დუნაისკა სტრედამ“ ჩემით დაინტერესებული გუნდი უარით გაისტუმრა #1TVSPORT
ცოტნე კაპანაძე - „დუნაისკა სტრედამ“ ჩემით დაინტერესებული გუნდი უარით გაისტუმრა #1TVSPORT

„დაინტერესებული გუნდები იყვნენ, მაგრამ „დუნაისკა სტრედამ“ არ გამიშვა“ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან სლოვაკური გუნდის ქართველმა მცველმა ცოტნე კაპანაძემ განაცხადა.

„სლოვაკეთიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში. ჩემს მიმართაც იყო ინტერესი, მაგრამ „დუნაისკა სტრედამ“ თავი შეიკავა და ამ ეტაპზე დაინტერესებული გუნდი, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია, უარით გაისტუმრა“, – ამბობს კაპანაძე.

„იბერია 1999-ის“ აკადემიის აღზრდილი 24 წლის მცველი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ (17, 19 და 21-წლამდელთა) ნაკრებში უთამაშია და ევრო 2023-ის მონაწილეა, „დუნაისკაში“ 2025 წლის იანვარში გადავიდა და სლოვაკეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

კაპანაძე კარგ კონდიციებშია და იმედოვნებს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ:

„მოთამაშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინაა – მოედანზე და მის მიღმაც. ვგულისხმობ ვარჯიშს, სწორ კვებასა და დასვენებას. საბედნიეროდ, ახლა ნამდვილი ფეხბურთელივით ვცხოვრობ. ეროვნული გუნდი? ჯერ კონკრეტული არაფერია. მაგრამ ვიცი, რომ მაკვირდებიან და კანდიდატად განმიხილავენ. ყველაფერს გავაკეთებ, ნაკრებში რომ მოვხვდე, ეს ჩემი ოცნებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ“.