ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნ.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2006 წელს დაბადებული უ.კ.-ს. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ბ.-ც.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.