პარიზში გაიმართა „დიდი სლემის“ მეორე ტურნირის – როლან გაროსის ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა.
ქართველი ჩოგბურთელი საწყის რაუნდში მსოფლიოს 63-ე ჩოგანს, ამერიკელ მაქსიმ კრესის შეხვდება. მის წინააღმდეგ ბასილაშვილს პროფესიულ ტურში ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული – შარშან, აშშ-ის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკამ სამ სეტში მოიგო – 7:6(3), 6:3, 7:5.
ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში შეხვდება ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს ან კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში გასულ ერთ-ერთ ჩოგბურთელს. პირველი განთესილი მეტოქე, რომელიც შეიძლება ბასილაშილს შეხვდეს, არის იტალიელი იანიკ სინერი.
ბასილაშვილს როლან გაროსზე დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და მას შემდეგ არც ერთი ტურნირი არ გამოუტოვებია. შვიდი შემთხვევიდან ქართველი ხუთჯერ პირველ წრეში დამარცხდა, 2017 წელს ფრანგი სიმონისა და სერბი ტროიცკის დამარცხებით მესამე წრეში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან წააგო. შარშან ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ ლაიოვიჩს სძლია, მეორე რაუნდში სამ სეტში დამარცხდა ესპანელ ალკარასთან.