ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ინდიან უელსის „მასტერსზე“ #1TVSPORT
გაირკვა ინდიან უელსის „მასტერსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ქართველი ტურნირზე 29-ე ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში თავისუფალი იყო. მეორე წრეში მისი მეტოქე იქნება 25 წლის ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი, რომელიც კლასიფიკაციაში 194-ე ნომერია. მან კვალიფიკაციაში ორი მატჩი მოიგო, ძირითადი ბადის პირველ წრეში კი ბელარუსი იგორ გერასიმოვი დაამარცხა და ბასილაშვილთან შეხვედრის უფლება მიიღო.
იუბენქსი და ბასილაშვილი ერთხელ შეხვედრიან პროფესიულ ტურში – 2019 წელს, ავსტრალიის ღიას პირველ წრეში ქართველმა ოთხ სეტში მოიგო – 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3.
ბასილაშვილსა და იუბენქსს შორის მოგებული მესამე წრეში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმსა და ესპანელ ალბერტ რამოსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბასილაშვილს ინდიან უელსის „მასტერსზე“ სერიოზული წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევია. დებიუტი 2015 წელს ჰქონდა. მაშინ მან პირველ წრეში გერმანელ ტობიას კამკეს მოუგო და მეორე წრეში დამარცხდა რუმინელ ვიქტორ ჰანესკუსთან. 2019 წელს ქართველმა ტურნირი გამოტოვა, 2017-ში კი პირველივე წრეში წააგო ბარბადოსელ დერიან კინგთან. 2018 წელს ასევე პირველ წრეში ვერ დაასრულა შეხვედრა ამერიკელ ტენის სანდგრენთან. 2019 წელს, ბასილაშვილი განთესილის რანგში მეორე წრიდან ჩაერთო ტურნირში და ამ ეტაპზე დამარცხდა ინდოელ პრაინეშ გუნესვარანთან. 2020 წელს ინდიან უელსის „მასტერსი“ კორონავირუსის გამო არ ჩატარებულა.
აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, სადაც ბასილაშვილი მესამე წრემდე მივიდა, ქართველმა ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა – საფრანგეთის ქალაქ მეცში მეოთხედფინალამდე მიაღწია და პირველივე წრე დათმო გასულ კვირას სან დიეგოს ტურნირზე. დღეისთვის, ბასილაშვილი მსოფლიოს 36-ე ჩოგანია.